საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა და ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს. პირველ ეტაპზე შერჩეულია ათი მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი.
შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე, ცხრა მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხუთწლიანი პროგრამისთვის ერთი მილიარდი ლარია გამოყოფილი. საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას.
ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმაც. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით. განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.