დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა

 დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სახელს უკავშირდება სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავის“ და ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნება, რომელსაც 2 000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა.

ერქომაიშვილმა ჩაწერა ასობით ფირფიტა ქართული ხალხური სიმღერებით. უცხოეთის საცავებსა და არქივებში უნიკალური, უძველესი ჩანაწერები მოიძია და აღადგინა. ერთ-ერთი ბოლო ნაშრომი ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული კატალოგია, რომელშიც ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული პირველი ქართული ფონოჩანაწერებია ასახული.

ორი წლის წინ, 80 წლის იუბილეზე ანზორ ერქომაიშვილმა საქართველოს პირველი არხისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო. ტელევიზიამ მისი უნიკალური ჩანაწერების გაციფრულება და ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო.

ივანე ჯავახიშვილის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი და ბრწყინვალების ორდენის მფლობელი ანზორ ერქომაიშვილი შარშან, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.