დღეიდან, 25 თებერვლის ჩათვლით, პირველი და მეორე არხების საეთერო დრო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაეთმობა
დღეიდან, 25 თებერვლის ჩათვლით, პირველი და მეორე არხების საეთერო დრო უმეტესად ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშებს დაეთმობა. სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მოიყრიან თავს. 16 დღის განმავლობაში, პირველ და მეორე არხებზე ზამთრის 15 სპორტულ სახეობას იხილავთ.
ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები პიონჩანგში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.
საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. პირველი და მეორე არხების მაყურებელი პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას პირდაპირ ეთერში იხილავს. რეპორტაჟები პიონჩანგიდან დილის 05:00 საათიდან 19:00 საათამდე გადაიცემა. გარდა ამისა, პირველი არხის ეთერში დღეში ორჯერ გავა სპეციალური გადაცემა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება.
კორეაში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფიც, რომელიც უახლეს მოვლენებს სოციალური მედიისა და სატელევიზიო ეთერის საშუალებით, რეგულარულად შემოგთავაზებთ.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია დღეს, 15:00 საათზე პირველი არხის ეთერში გადაიცემა, მანამდე კი 14:30 წუთზე, ეთერში ოლიმპიადისადმი მიძღვნილი სპეციალური გადაცემა გავა.