დედოფლის დაკრძალვის ცერემონია

მსოფლიო ბრიტანეთის დედოფალს ემშვიდობება – საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ ლონდონისკენაა მიმართული. ამ წუთებში ვესტმინსტერის სააბატოში ელისაბედ მეორეს დაკრძალვისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობს. შეკრებილები დედოფლის ხსოვნას პატივს მიაგებენ. სწორედ ვესტმინსტერის ​სააბატოში დაიწერა ჯვარი დედოფალმა 1947 წელს, 1953 წელს კი სწორედ ამ სააბატოში მოხდა მისი დედოფლად კურთხევა.

ცერემონიას სამეფო ოჯახის, ასევე, პარლამენტის წევრები, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები და სპეციალურად ამ დღისთვის ბრიტანეთში ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად, კანადის პრემიერ-მინისტრი და, საფრანგეთის პირველი პირი.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია ვესტმინსტერის სასახლიდან დაიწყო. შემდეგ დედოფალი სააბატოში გადაასვენეს. დედოფლის სიცოცხლის ყველა წლის საპატივსაცემოდ 96-ჯერ დარეკეს ზარები. რამდენიმე წუთის წინ კი სპეციალური ჰიმნიც შესრულდა, რომელიც ელისაბედ მეორეს ჯვრისწერის დროს დაუკრეს 1947 წელს.

ვესტმინსტერის სააბატოში სამგლოვიარო ცერემონია ორწუთიანი დუმილით დასრულდება, ამის შემდეგ კი დედოფალს ველინგტონის თაღში გადაასვენებენ. ლონდონის დროით 13:00 საათზე კი გადასვენება მოხდება უინძორის სასახლეში, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.