ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და ახალი გარემოებები საზღვრების საქმის გარშემო. გამოძიებას დღეს ჩვენება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მისცა, რომელიც 2019 წლის მაისიდან საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენ განახლებულ სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.
რამდენად ამყარებს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოძიებული 1938 წლის რუკა საზღვრების დადგენის პროცესში საქართველოს პოზიციებს და როგორი იყო ახლადმოძიებულ კარტოგრაფიულ მასალაზე აზერბაიჯანული მხარის რეაქცია: ამ საკითხზე ლაშა დარსალიასა და ბრალდებულ ექსპერტ-კარტოგრაფისტთა ადვოკატების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. დღესვე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუ როგორ დაიწყო ექვსი წლის წინ ორი ქვეყნის სადავო სასაზღვრო მონაკვეთებზე, მათ შორის დავით გარეჯის სადავო ნაწილზე არქივებში კარტოგრაფიული დოკუმენტების მოძიება.