დაკავებულების სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ რვა პირს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთის მიმართ კი მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მინდია ლავასოღლის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტს გააგრძელებენ. ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ორშაბათს კი ისინი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას გეგმავენ, რაზეც მსჯავრდებულის ექსტრადირებაზე იქნება საუბარი.

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მეექვსე დღეა, აჭარის პროკურატურასთან აქციებს აწყობენ. 15-მდე ადამიანი შიმშილობს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადირებას ითხოვენ.