დაკავება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და ხუთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო „ქურდული სამყაროს“ წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა.