შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ოთხი პირი, მეტსახელად – „ხავთასა“, „ლეკვი“, „ხონსკი“ და „მოლა“ დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს.

დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი. პოლიციამ  ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველს, ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე  მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.