დაძაბული ვითარების შემდეგ კიევში შედარებით სიმშვიდეა - რას გეგმავენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები

დაძაბული ვითარების, აქციების და შეტაკებების შემდეგ, კიევში ამ წუთებში შედარებით სიმშვიდეა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ და ხვალინდელი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

მოთხოვნები უცვლელია, – პოროშენკოს იმპიჩმენტი და სააკაშვილის გათავისუფლება. თავად “ახალი ძალების” მოძრაობის ლიდერი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და მხარდამჭერებისადმი მიმართვას უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან ავრცელებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, პროცესი დღესვე ჩაინიშნოს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი მაქსიმუმ ორშაბათს უნდა გადაწყდეს, სწორედ 11 დეკემბერს გადის 72 საათი მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან.

გურამ როგავა მუშაობს კიევში და ბოლო ცნობებს მოგვაწვდის უკრაინის დედაქალაქიდან –  ხომ არ გაუკეთებიათ დამატებითი კომენტარები სააკაშვილის ადვოკატებს და ხომ არ არის უკვე ცნობილი, რას აპირებენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები?