რომან გოცირიძე - მზად ვართ მოვლენების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის
რომან გოცირიძე - მზად ვართ მოვლენების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ, ორი საათია, მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს წევრები მსჯელობენ, რა გეგმით გააგრძელებენ მუშაობას. პარტიის წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, პარტიის შემდგომი ნაბიებჯი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები უკრაინაში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

„მზად ვართ მოვლენების ყველა მიმართულებით განვითარებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტპატიმარია. უკრაინა არის ეკონომიკურად ღატაკი ქვეყანა, პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ჰყავს და ფაქტობრივად, მას არა აქვს რესურსი, მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის დევნა განახორციელოს. პოლიტპატიმრის მქონე ქვეყანას დასავლეთი აქცევს ზურგს, დასავლეთის დამოკიდებულების შეცვლა უკრაინისადმი ნიშნავს მისი ხელისუფლების ასპროცენტიან ცვლილებას, პოროშენკოს ხელისუფლების დღეები არის დათვლილი, რიგგარეშე არჩევნებით იქნება ეს თუ არა, ეს ხელისუფლება არ დარჩება. დღეს იქნება თუ ხვალ, სააკაშვილი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და თავის ახალგაზრდულ რეფორმატორულ ძალებს მოიყვანს ხელისუფლებაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსაც დააზიანებს.

„სააკაშვილი უკრაინაში აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი, უსამართლო ქმედებების შედეგად. ეს პროცესი ძალიან დააზიანებს საქართველოს ხელისუფლებას, რამდენადაც უკრაინაში უსამართლოდ მოექცევიან მიხეილ სააკაშვილს, იმდენად გაახსენდება საქართველოს მოქალაქეებს, რა უსამართლოდ მოექცა საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლება თავის რეფორმატორ პრეზიდენტს.

საქართველოს ხელისუფლებისათვის ყველაზე მძიმე იქნება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება, რაც მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ და ეს ჩვენ ვიცით სხვადასხვა არხებით, მათთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ნიშნავს ფაქტობრივად ხელისუფლების ცვლილებას, რა თქმა უნდა, კანონიერი გზით. დღევანდელი ხელისუფლება ალბათ ლოცულობს, რომ არ მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.