საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივება და დამატებითი შეზღუდვები მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილშიც უკმაყოფილებას იწვევს. ყველაზე მეტი პრეტენზია მსუბუქი მანქანების 27 აპრილამდე აკრძალვას უკავშირდება. და ეს მაშინ, როცა მოახლოებული პიკის ფონზე, ეპიდემიოლოგების მთავარი მოწოდება სახლებში დარჩენა და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვაა.
ხელისუფლება კი გამკაცრებული ზომებით უკმაყოფილო მოქალაქეებს ახსენებს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა მხოლოდ იმ ქვეყნებში იგეგმება, რომლებმაც პიკის პერიოდი უკვე გადალახეს. საქართველოში კი ეს ეტაპი ჯერ ისევ წინაა. თუ მსოფლიო მასშტაბით საერთო სურათს გადავხედავთ, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეპიდემიამ დაღმასვლა დაიწყო, მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების გარდა, სახლებიდან გასვლა ჯერ მაინც ეკრძალებათ.