ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელებმა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირისთვის მომზადების გეგმებზე ისაუბრეს. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროექტის განხორციელებას – მას საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების იმედებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2015 წელს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს წარმატებით უმასპინძლა.