პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ხიზირ გაურგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს, ნანობს და სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას. თელავის რაიონული სასამართლო დაკავებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
საქმე ეხება 17 იანვარს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობას, სადაც 40 წლის მამაკაცს მეზობელმა ცივი იარაღით 12 ჭრილობა მიაყენა.