ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის მოტეხილობები აღენიშნებათ. შემთხვევის შედეგად სულ შვიდი მოქალაქე დაშავდა. სამი პირი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაწერეს.

ახვლედიანის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბუნებრივ აირს უკავშირდება. კონკრეტული მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი სახლის ფასადი თითქმის მთლიანად ჩამოინგრა. დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ცხრა ოჯახს. ბათუმის მერიამ მათ დროებითი თავშესაფარი გამოუყო. ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოსმდებარე საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზარალის აღწერა უკვე დაიწყო . ბათუმის მერის განცხადებით, ზარალი ანაზღაურდება.