ავარიის დროს დაშავებული სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში შეყვანილ ორ პაციენტს თავის არეში ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებოდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასროლეთზე, სწავლების დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები სასროლეთის ტერიტორიას ტოვებდნენ, ავტომანქანა მიწაყრილიან გზაზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ვაჟა შათირიშვილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.