ბინებიდან მოვალეების გამოსახლების მოთხოვნით მოქალაქეებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია, გამოსახლებას ელოდებიან და ბიუროს საქმის დაწყებისკენ მოუწოდებენ. ისინი საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, სადაც საუბარია „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე ბინებიდან მოვალეთა იძულებული გამოყვანა შეჩერებულია.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გამოსახლების პროცესის მხოლოდ ერთი პუნქტი – სახლიდან იძულებით გამოყვანა შეჩერებულია. მათივე განცხადებით, აღნიშნული პუნქტი მას შემდეგ აღდგება, რაც ქვეყანაში კორონავირუსული ვითარება გაუმჯობესდება.