სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. ჯერ ისევ უცნობია, რა მოტივით გააჩინა ხანძარი 28 წლის მამაკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია. სამართალდამცველებმა 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა. რის შემდეგაც ცეცხლი შენობის მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე 16 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.