რეგიონებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია

რეგიონებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი და, შესაბამისად, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს ბოლო პერიოდში, დღის განმავლობაში, 250-მდე ადამიანი მიმართავს. უწყების ცნობით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად, მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად „ბე ტიპის ვირუსი“ ფიქსირდება. არის „ეიჩ ერთისა“ და „ეიჩ სამის“ შემთხვევებიც. კლინიკები და ამბულატორიები რეგიონში დასვენების დღეებშიც მუშაობენ.

დეკემბრის თვეში მიმართვიანობამ მოიმატა ქუთაისშიც, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არ გაზრდილა. ამ შემთხვევაშიც, ძირითადად, „ა და ბ ტიპის ვირუსები“ ფიქსირდება. ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევებმა, შესაძლოა, იანვრის ბოლოდან კიდევ მოიმატოს.