ვირუსებით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს – ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ინფექცია ცირკულირებს. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. რიგ შემთხვევაში, ვირუსი მაღალი სიცხით მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე დომინანტი „ა“ ტიპის ვირუსია – ე.წ. ღორის გრიპი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სწავლის დაწყებასთან და მობილობის გააქტიურებასთან ერთად, შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, თუმცა მათივე განმარტებით, სიტუაცია საგანგაშო არ იქნება.
ისევ ძალაშია ძირითადი რეკომენდაციები: პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ვაქცინაცია. ექიმები მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ პირებს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას ურჩევენ. ამცრელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ვაქცინების მარაგები საკმარისია.