რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან დარღვევები მისი დაკითხვის პროცესში – „მოამბე“ შეეცადა გაერკვია, რა მოხდა „მწვანე სკოლაში“ და რატომ მიიღო მოზარდმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„მოამბე“ მოზარდის ძმასა და სკოლის დირექტორს ესაუბრა. სკოლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღამით „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე უცხო პირი შევიდა და კედლებზე წარწერები გააკეთა, მეორე დღეს სკოლაში პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოკამერების ჩანაწერები გაშიფრეს, რითაც დადასტურდა, რომ წარწერების ავტორი, სკოლის ყოფილი მოსწავლე 15 წლის მოზარდი იყო. მან დაკითხვაზე ბრალდება უარყო და მშობელთან ერთად საგამოძიებო უწყება დატოვა. სწორედ ამის შემდეგ სცადა მან თვითმკვლელობა. მოზარდის ძმა აცხადებს, რომ დაკითხვის დროს მას ძმასთან კომუნიკაცია ჰქონდა.