14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას – საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. საბოლოოდ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა და პირველად, საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით, დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

დღევანდელ თარიღს ეხმაურება პრემიერ-მინისტრი: „ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დედა ენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ პარლამენტის თავმჯდომარე: „1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა მშობლიურ ენასთან ერთად, დაიცვა საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი, ათასწლოვანი ისტორია და ეროვნული თვითმყოფადობა! ჩვენი ვალია, გავამდიდროთ და დავიცვათ ჩვენამდე მოტანილი ეს უნიკალური საგანძური. საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით ვულოცავ დედაენის დღეს!“ – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.