დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც პასუხებს ექსპერტიზის დასკვნა გასცემს. დასკვნის წინასწარი შედეგები კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
12 წლის გოგონა, რომლის ძებნაც პოლიციამ 16 მარტს 11 საათისთვის დაიწყო, გვიან ღამით მისი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი დათვალიერებით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.