ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, საგანგებო განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს.
„გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია – მადლობა, მეგობრებო.
მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.
მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.
შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ – დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?
ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული“.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.