ზურაბ აბაშიძე - რუსეთი ცდილობს, ლუგარის ლაბორატორიაზე განცხადებებით მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ბრალდებებიდან ყურადღება გადაიტანოს
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადება საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აზერბაიჯანულ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ აბაშიძემ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამება.
„თბილისი პატარა ქალაქია, სადაც ყველამ ყველაფერი იცის. მტკიცება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ხელოვნურად დაინფიცირებული ადამიანები იღუპებიან და მათი ცხედრები პაკეტებით გამოაქვთ, არათუ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ ყველასთვის გასაგებია, რომ თითიდან არის გამოწოვილი. ეს საპნის ბუშტია, რომელიც ძალიან მალე გასკდება. შედეგად, ვინც ამ ბუშტს ბერავს, ძალიან შერცხვება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, ლაბორატორია უკვე დიდი ხანია, ამერიკელებმა ქართველებს გადასცეს და იქ ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ლაბორატორიას მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
ამასთან, ზურაბ აბაშიძემ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ბიოლოგიურ იარაღთან ბრძოლის საერთაშორისო სემინარზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში, ნოემბერშია დაგეგმილი. მისი თქმით, სემინარში მონაწილეობა რუსულ მხარესაც შესთავაზეს, თუმცა ამ დრომდე უარს აცხადებენ.
„ნოემბერში, თბილისში ქიმიურ იარაღთან ბრძოლის საერთაშორისო სემინარი გაიმართება. მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის სპეციალისტები მიიღებენ. შესაბამისი გზებით რუსულ მხარეს სემინარში მონაწილეობა შევთავაზეთ. სამწუხაროდ, რუსი სპეციალისტები მოწვევაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. იმედი გვაქვს, რომ გადაიფიქრებენ. ეს ხომ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვის საუკეთესო შესაძლებლობაა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძემ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სემინარზე რუსი სპეციალისტების მიწვევაზე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.
„მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ოქტომბერს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს რიგ საკითხებთან ერთად, ლუგარის ლაბორატორიაზეც ვისაუბრეთ, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ თბილისი რუს სპეციალისტებს საერთაშორისო სემინარზე იწვევს“, – განაცხადა აბაშიძემ.
„ინტერფაქსის“ კითხვას, დაუშვებს თუ არა საქართველო ლაბორატორიის ყველა ობიექტზე რუსული მხარის წარმომადგენლებს, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ საქართველოს დასამალი არაფერი აქვს.
„ლაბორატორიის ყველა კარი ღია იქნება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.