ზუგდიდში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
ზუგდიდში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

სოლიდარობა მასმედიის ყველა წარმომადგენელს – ამ ლოზუნგით მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მოქმედი სააგენტოების, ტელეკომპანიებისა და ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტორეპორტიორებმა.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს გუშინ თბილისში მასმედიაზე განხორციელებული ძალადობა, ყველა დამნაშავის გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვეს.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.

დატოვე კომენტარი