ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება 
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მივიდა.

სუს-ში გოგია კომენტარის გარეშე შევიდა, მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ განცხადებას 17 სექტემბერს, ორშაბათს გააკეთებს.

ამასთან, სუს-ში იმყოფება ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაიაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს, ანტიკორუფციულ სამსახურს ფარული აუდიოჩანაწერი გადასცეს, რომელიც მისივე ინფორმაციით, ერთი საათი და 57 წუთი გრძელდება. როგორც მიქაია ამბობს, ჩანაწერში საუბრობენ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია.

გუშინ კი, სუს-ში დაკითხვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა.

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამაც დატოვა.