ზიეჩი მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული საპრიზო თანხით მაროკოელ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარა #1TVSPORT
ზიეჩი მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული საპრიზო თანხით მაროკოელ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარა #1TVSPORT

ჰაკიმ ზიეჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხიდან 325 ათასი დოლარი შესწირა მის ქვეყანაში გაჭირვებულ მოსახლეობას – „ჩელსისა“ და მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ ინსაიდერი ხალედ ბეიდუნი სოციალურ ქსელში იტყობინება.

ფეხბურთელს ნაკრებში გამოსვლებისთვის მიღებული ერთი დოლარიც არ აუღია. შემოსავალს ის მუდმივად უნაწილებს ეროვნული გუნდის წევრებსა და თავის ქვეყანაში ღარიბ ოჯახებს.

ჰაკიმი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2015 წლიდან იცავს, თუმცა ნიდერლანდებში დაიბადა, ამ ქვეყნის მოქალაქეა და ნიდერლანდების 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. „ჩელსიმდეც“ მხოლოდ ამ ქვეყნის გუნდებში გამოდიოდა – „ჰერენვენში“, „ტვენტესა“ და „აიაქსში“.

ზიეჩი 2015 წლიდან მაროკოს ნაკრებში თამაშობს, რომლის ფორმითაც 48 მატჩში 19 გოლი გაიტანა. არის 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე და მაროკოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შედის.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან გოლი გაიტანა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კანადასთან (2:1). ბელგიასთან მატჩში (2:0) იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მერვედფინალში ზიეჩმა ესპანეთთან შეხვედრაში მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში დარტყმა გამოიყენა და მაროკოელებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გასვლაში დაეხმარა.

10 დეკემბერს მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია დაამარცხა (1:0) და გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.