ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს [ვიდეო]

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში მივიდა და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორთან შეხვედრა  მოითხოვა.

პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება საქმიანი და მისი მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი.

„მზად ვართ, საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში, სამშაბათს ზაზა სარალიძეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს“, – აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

ამის შემდეგ პროკურატურის ეზოში მყოფი ზაზა სარალიძე ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს. გარდა ამისა, ზაზა სარალიძემ შუბლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა გამოძახებული.

მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძეს ტერიტორია დაატოვებინეს, პროკურატურის ეზოში მან შვილის, დავით სარალიძის ფოტოები შეყარა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ზაზა სარალიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს.