ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს. როგორც სარალიძე აცხადებს, მისი შვილის მკვლელობის შესახებ კითხვები აქვს.

სარალიძე ასევე მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასთან და „კარვების საქმესთან“ დაკავშირებული პროცესებით არის დაინტერესებული.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შეხვედრა შემდეგ კვირას, სამშაბათს შედგება, რაზეც უარს აცხადებს და მოითხოვს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორს დღეს შეხვდეს. საგამოძიებო უწყებას დროს სამუშაო საათების დასრულებამდე აძლევს.

როგორც დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, ეს შეხვედრა შედგა და მას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ განემარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში იქნება მიცემული ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს.

მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია.

მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ზაზა სარალიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.

დატოვე კომენტარი