ზაზა სარალიძე - ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია
ზაზა სარალიძე - ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია

ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მოლოდინი ყოველთვის ჰქონდა, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა ამ სამართლის მიღწევაში. ასევე მათ, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“. დაველოდოთ.

მიხეილ კალანდიას რომ დააკავებდნენ, მოლოდინი ყოველთვის მქონდა, როდესაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ის ჩემი შვილის მკვლელობაში იყო ერთ-ერთი დამნაშავე. ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში, რადგან ეს სამართალი საჭირო იყო, რათა მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და შემდეგ, მით უმეტეს, არც მისი დამალვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი, ზაზა სარალიძემ განაცხადა:

„ვნახოთ, თავად როგორ დაადასტურებენ ძალოვანი უწყებები, რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს გამოძიება. ბოლომდე მივყვები გამოძიებას, სანამ ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული. აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა გაირკვეს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრძოლა არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის, ეს ბრძოლა არის ჩემი შვილის მეგობრებისთვის, ქართველი შვილებისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ შუღლი და თავიანთ ჭკუაში არ გადაწყვიტონ ასე ვთქვათ, სისხლის აღება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის  მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.