ზაზა ხუციშვილი - მივესალმები კახა კალაძის ახალ ინიციატივებს ზონალური პარკირებისა და ცხოველთა დაცვის შესახებ
ზაზა ხუციშვილი - მივესალმები კახა კალაძის ახალ ინიციატივებს ზონალური პარკირებისა და ცხოველთა დაცვის შესახებ

მივესალმები კახა კალაძის ახალ ინიციატივებს ზონალური პარკირებისა და ცხოველთა დაცვის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარკირების ზონალური გადასახადი მოთხოვნა-მოწოდების პრინციპს სრულად შეესაბამება.

„ქალაქის ცენტრში და გარეუბანში პარკირება ერთი ფასი არ უნდა ღირდეს. ქალაქის კუთვნილი საპარკინგე ადგილების შენახვა კი, ოფისების ახლოს და დისტრიბუციის მანქანებისთვის არასწორი პრაქტიკაა. გარემოს დაცვის კომიტეტი 14 არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ასრულებს კანონპროექტზე მუშაობას „შინაური ბინადარი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, თუმცა ქალაქის მერის ინიციატივას ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში კანონის გამკაცრებას ერთხმად დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლიდან დედაქალაქში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება. ამასთან, მისივე თქმით, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციები გამკაცრდება, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ მსგავს ქმედებაზე კი, პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება.