ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ახალგაზრდულ ევროლიგაზე საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
20:15, 26.03.2022
საბერძნეთში დაიწყო ახალგაზრდული ევროლიგის გათამაშება, რომელშიც ისტორიაში პირველად ქართული გუნდი ჩაერთო. „ზაზა ფაჩულიას აკადემიამ“ სამი მატჩი გამართა და ორი წაგების შემდეგ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 78:72. მანამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).
„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19). „მაკაბისთან“ 10 ქულამდე ვერც ერთმა ჩვენიანმა ვერ მიაღწია, 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, 8 ქულა და 7 მოხსნა – ლუკა კუჭუხიძეს.
ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.
მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს. ცხადია, მან ქართულ გუნდსაც უმასპინძლა და სასარგებლო რჩევებიც მისცა.