ფრაგმენტი კარიერიდან | გოგა ბითაძემდე „ორლანდოს“ ღირსებას ზაზა ფაჩულია იცავდა - ნაკრების ყოფილი კაპიტანი იხსენებს სადებიუტო მატჩს ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძე კარიერას განაგრძობს სწორედ იმ გუნდში, რომელშიც NBA-ური დებიუტი ჰქონდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას. მან „მეჯიქის“ მაისურით პირველი მატჩი (საზაფხულო ლიგაზე) კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომლის ღირსებასაც პირველად იცავდა ლებრონ ჯეიმსი, რომელიც გასულ კვიურას NBA-ის ყველა დროის სნაიპერი გახდა.

ზაზა საინტერესოდ იხსენებს მომავალი სუპერვარსკვლავის წინააღმდეგ თამაშს და „ორლანდოსთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალებს.

2003 წლის დრაფტზე​ ლებრონი პირველ ნომრად აირჩიეს, ზაზა – 42-ე ნომრად. ჯეიმსს კარიერა გარანტირებული ჰქონდა, ფაჩულიას კი 2003 წლის საზაფხულო ლიგაზე საკუთარი თამაშით უნდა დაემსახურებინა კონტრაქტი.

ფაჩულიას მისია სულაც არ იყო იოლი – ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე 5 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, ჯერ დრაფტის პირველ ნომერ ლებრონ ჯეიმსს დაპირისპირებოდა, შემდეგ მეორე ნომრის, დარკო მილიჩიჩის „დეტროიტთან“ ეთამაშა…

პირველი მატჩი ორლანდოში

9 ივლისს 19 წლის ქართველს პირველად უნდა მოერგო „ორლანდო მეჯიქის“ მაისურა.

– კარგად ვაცნობიერებ ორლანდოს კემპის მნიშვნელობას, თუ კონტრაქტი მინდა, ეს ხუთი მატჩია ჩემი შანსი. საქმის სამომავლოდ გადადება არ ივარგებს. პირველი შეხვედრა „კლივლენდთან“ გვაქვს. ამ ვითომდა უბრალო მატჩს დიდი აუდიტორია ეყოლება. საზაფხულო ლიგაზე მხოლოდ ეს შეხვედრა იმართება „ორლანდოს“ მთავარ არენაზე და რამდენიმე ტელეკომპანია პირდაპირ ეთერშიც გადასცემს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი ინტერესის მიზეზი ლებრონ ჯეიმსია. აქ მას ყველა გენიოსად მიიჩნევს, – უთხრა წინა დღეს ზაზამ „სარბიელის“ ჟურნალისტ ირაკლი პერტაიას და განაგრძო:

– მოედანზე ჯეიმსის წინააღმდეგ არაერთხელ მომიწევს თამაში. მატჩს ორივე სასტარტო ხუთეულში ვიწყებთ. მწვრთნელმა უკვე მითხრა, ძირითადში უნდა დაგაყენოო. ჰოდა, ბევრი რომ არ ვიწვალო, ლებრონს ერთს დავუფარებ და კონტრაქტიც გარანტირებული მექნება… ვხუმრობ. ისე კი მართლა დიდი ყურადღებით ვითამაშებ, ჯეიმსს ჩავუსაფრდები

მეორე დღეს ზაზამ „ოლიმპის“ კორესპონდენტ ნუკრი გოგიშვილს საკუთარი შთაბეჭდილება გაუზიარა:

– „კლივლენდთან“ მატჩისას დარბაზი ბოლომდე გაივსო, დაგვტრიალებდა ვიდეო და ფოტოკამერები. უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ცოტას ვღელავდი. პირველი ორი სროლა რომ ავაცილე, მთლად ავნერვიულდი, ხუთი პერსონალურიც მალე მომიგროვდა და მწვრთნელმაც აღარ მათამაშა.
ზედმეტი მონდომების გამო თამაში რომ არ გაგიფუჭდეს, ამის სწავლას დრო უნდა. დღეს ზაზამ იცის, როგორ მიუდგეს აუტსაიდერთან თუ ფავორიტთან, ახალ კლუბში თუ ევრობასკეტის სადებიუტო მატჩებს. 19 წლისა კი ჯერ სწავლობდა. თუმცა მაშინვე ცდილობდა საკუთარი გაბრაზება უძილობის მიზეზად კი არა, კარგი თამაშის საწინდრად ექცია:

– გავბრაზდი. ძალიან გავბრაზდი. ადამიანს შანსი ცხოვრებაში ხშირად როდი ეძლევა. მას გამოყენება უნდა. ვხედავდი, რომ მეტოქეები, კონკურენტები, ბევრით ვერაფრით მჯობდნენ, მაგრამ ნერვიულობის გამო მაინც ვერაფერს ვაკეთებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავის გამოჩენა შემეძლო. „კლივლენდთან“ მატჩის მეორე დღეს „დეტროიტთან“ სათამაშოდ რომ გავედი, მჯეროდა, ყველას ვაჯობებდი. სხვა გზა არც იყო.

19 ქულა, 11 მოხსნა…

– უკეთესადაც შემეძლო მეთამაშა. გუნდი შეთამაშებული რომ ყოფილიყო, სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ ასეთ შეჯიბრებებში ყველა საკუთარ თავზე, თავის კონტრაქტზე ფიქრობს. „დეტროიტთან“ ბურთი 23-ჯერ დავკარგეთ. ჩემი თამაშით ყველა გაოცებული იყო, არავინ ელოდა, რომ „კლივლენდთან“ ორქულიანი მატჩის შემდეგ ასეთი სტატისტიკა მექნებოდა. თუმცა ერთი მატჩი მაინც არაფერს ნიშნავს, ხელის ერთი გაქნევის გამო გუნდში არავინ აგიყვანს. მთავარია, პირველი ბარიერი დავძლიე და დავრწმუნდი – რთული არაფერია!

არც „მილუოკისთან“ დაპირისპირება იყო „რთული“, არც „მაიამისთან“, თუმცა ლიგა ზაზამ „მინესოტასთანსუპერმატჩით დახურა: 37 წუთი, 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 23 წამი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ცენტრმა ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა – 93:93. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „ორლანდომ“ 103:101 იმარჯვა. ეს იყო ზაზას ახალი გუნდის პირველი გამარჯვება საზაფხულო ლიგაზე.

– „დეტროიტთან“ დაპირისპირების შემდეგ ჩემზე გაზეთებში არაფერი დაუწერიათ, შეიძლება კარგი თამაში შემთხვევითობას მიაწერეს, თუმცა „მილუოკისთან“ უკეთესად გავისარჯე, ბოლოს კი „მინესოტასთან“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე და ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდნენ. ხუთ მატჩში საშუალოდ 12.6 ქულა და 8.6 მოხსნა მქონდა. ქულების საერთო მაჩვენებლით მეცხრე ვიყავი, მოხსნებში – მეორე.

კონტრაქტის მოლოდინში

13 ივლისის შემდეგ მშვიდად ელოდა კონტრაქტს. იყო ევროპაში დაბრუნების ვარიანტიც, სიენას „მონტეპასკი“ სერიოზულად დაინტერესებულიყო ფაჩულიას დამატებით, მაგრამ ევროპა უკვე წარსული გახლდათ. ზაზა ფლორიდის ნახევარკუნძულზე საცხოვრებლად ემზადებოდა:

– ყველა ორლანდოელს, ვისაც საზაფხულო ლიგის მატჩებისას შევხვდი, თავს ვაცნობდი – ზაზა ვარ-მეთქი. მეუბნებოდნენ, რომ ინტერნეტიდან და გაზეთებიდან მიცნობდნენ. კემპის დასრულების შემდეგ კი ინდიანაში გავემგზავრე, სადაც ჩემი მეგობარი ქადრე ლოლისი ცხოვრობდა. მასთან ერთად „ულქერში“ ვთამაშობდი.

ინდიანაში 16 ივლისამდე დარჩა. ორლანდოელებმა წინასწარ გამოაცხადეს, რომ ახალწვეულებს კონტრაქტებს 16-ის შემდეგ გაუფორმებდნენ. ზაზას საზაფხულო ლიგაზე წარმატებული თამაში ვლადიმერ სტეფანიამაც მიულოცა.

– ვოვა გამოცდილია, ამერიკაში ბევრი რამ უნახავს. მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი.

კონკრეტულად რა ურჩია?

– ზაზას ვუთხარი, როგორ ელაპარაკოს „ორლანდოს“ შეფობას. ცოტა თავიც უნდა დაიფასოს, თორემ თუ დაინახავენ, მორიდებულია, მაქსიმალურად დაბალ ხელფასს დაუნიშნავენ. თუმცა მჯერა ზაზასი. ახლა თუ არა, ერთი წლის შემდეგ მილიონნახევრიანი, ორმილიონიანი კონტრაქტი შეუძლია დაიმსახუროს, – ეს ვლადიმერ სტეფანიამ 2003 წლის ივლისში თქვა.

 

სად არის კონტრაქტი?

აგვისტოც მოახლოვდა და კონტრაქტს საშველი არ დაადგა. საქმე არც ისე მარტივად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა – „ულქერმა“ „სავარცხელი ისროლა“, ზაზასა და „ორლანდოს“ შორის „სალი კლდე“ აღმართა.

სიტუაციას ნათელი გაზეთმა „სარბიელმა“ მოჰფინა, რომლის კორესპონდენტი „ულქერის“ პრესატაშეს, ბირქან ჩეთინბორას დაუკავშირდა.

– ზაზა 2005 წლამდე ჩვენი საკუთრებაა. მის კონტრაქტში გარკვევით წერია ის თანხა, რაც ამერიკულმა კლუბმა უნდა გადაიხადოს, თუ ფაჩულიას წაყვანას მოისურვებს.

არადა, იმდროინდელი წესების მიხედვით, NBA-ის წარმომადგენელს ევროპული კლუბისთვის 350 ათას დოლარზე მეტის გადახდის უფლება არ ჰქონდა. ქართველის გამოსასყიდი თანხა კი ამ რიცხვს აღემატებოდა.

ორლანდოელები დღეში ორჯერ გვირეკავენ. მათ უკვე იციან ის თანხა, რაც უნდა გადაიხადონ. თუ „მეჯიქი“ 350 ათასზე მეტს ვერ გადაიხდის, მაშინ კალათბურთელს მოუწევს დანარჩენის გაღება. მასზე დიდი ამაგი გვაქვს, ვიცით, NBA-ზე რომ ოცნებობს, მაგრამ იმასაც ვერ დავუშვებთ, ისე გავუშვათ ამერიკაში, რომ სარგებელი ვერ ვნახოთ, – განაგრძობს ბირქან ჩეთინბორა.

საბედნიეროდ, „ორლანდოს“ შეფობის სურვილი დაემთხვა შესაძლებლობებს და დრაფტიდან ზუსტად ერთ თვეში ფაჩულიასთან კონტრაქტის დადების დროც დადგა. წინასწარ გაცხადდა: „ორლანდოს“ ჯერ ტაირონ ლიუსთან (შემდეგში „კლივლენდის“ მთავარი მწვრთნელი) უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, მერე – ზაზასთან. ხელმოწერის წინა დღეს გაზეთ „მთავარ სპორტში“ ფაჩულიას ინტერვიუ გამოქვეყნდა:

ლიუმ გააფორმა, მალე მე და კიტ ბოგანსსაც დაგვიდებენ ხელშეკრულებებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა წვრილმანი – შეთანხმებული. ველოდები, როდის დამიძახებენ.

– თურქულ „ულქერთან“ პრობლემები მოგვარდა?

– კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას. სამედიცინო შემოწმებაც გავიარე.

– დიაგნოზი?

– სრულიად ჯანმრთელი ვარ. „ორლანდოს“ სამ საავადმყოფოში გავიარე შემოწმება. ყველგან დადებითი პასუხი მივიღე. განსაკუთრებით გულის მდგომარეობა შემიმოწმეს, თურმე შარშანწინ „ორლანდოს“ საზაფხულო ლიგაში ერთი მოთამაშე გულის შეტევით დაღუპულა. ამის გამო ექიმები გულთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს აკვირდებოდნენ.

– ასე რომ, სასტუმროში ზიხარ და ხელმძღვანელობის ზარს ელი…

– არა, მანქანაში ვზივარ და ქალაქ ტამპაში მივემგზავრები.

– ზღვის პირასაა?

– პლაჟზე გასარუჯად ორლანდოელი რომ გავხდები, მერე მოვიცლი. ახლა ვარჯიშზე მივდივარ. გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით, ბავშვები უნდა გავწვრთნა. მეც მათთან ვივარჯიშებ. „ორლანდოს“ კალათბურთელის გვერდით თამაში პატარებისთვის დიდი სტიმულია.

გაფორმდა

დადგა 26 ივლისი და გაფორმდა! 1 წელი „ორლანდო მეჯიქში“. 366.931 დოლარი. ცოტაა. სამაგიეროდ NBA!

– ზაზას არ გაუმართლა. მაღალი კლასის მოთამაშეა და 42-ე ნომრად არჩევას არ იმსახურებდა. უფრო მაღალ ნომრად რომ აეყვანათ, კონტრაქტიც გარანტირებული ექნებოდა. „ორლანდომ“ რომ აირჩია, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – ცუდი.

დავუშვათ, იგი 28-ე ნომრად „სან ანტონიოს“ დარჩენოდა, რაზეც დრაფტამდეც იწერებოდა, უმალ გაუფორმებდნენ სამ ან ოთხწლიან ხელშეკრულებას და რამდენიმე ასეული ათასით მეტსაც გადაუხდიდნენ, ვიდრე „ორლანდო“. ეს კარგია, მაგრამ ამ ვარიანტის ცუდი მხარე ის არის, რომ ზაზა ხანგრძლივად „მიეჯაჭვებოდა“ „სან ანტონიოს“ და ყოჩაღად ათამაშების შემთხვევაშიც მისთვის არ გაიმეტებდნენ ნახევარ მილიონზე მეტს. ტონი პარკერივით მოუწევდა ყურყუტი, რომელიც ჩემპიონი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და მილიონსაც არ იღებდა.

არადა, თავისუფლად იმსახურებდა ათმაგ ხელფასს. ზაზას „მეჯიქში“ მოხვედრა კარგი იმიტომაცაა, რომ ამ გუნდს სუსტი ცენტრები ჰყავს, ბურკსა და დეკლერკს ფაჩულია დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად აჯობებს, – სტეფანიაზე უკეთ ვის მოეხსენებოდა NBA-ის საკონტრაქტო სპეციფიკა. თუმცა არც ზაზა ჩასულა ამერიკაში გაუთვითცნობიერებელი:

– დრაფტის პირველ წრეში არჩევა შედარებით კარგ, გარანტირებულ ხელფასს ნიშნავს. მეორე წრის კალათბურთელებს კი კონტრაქტის მოსაპოვებლადაც დიდი შრომა უწევთ და არც ანაზღაურება აქვთ მაღალი. მაგრამ ეს ნამდვილად არ მაღელვებს. დღეისთვის მთავარი საზრუნავი სპორტული პროგრესია. ფულზე რომ ვიფიქრო, პროფესიულად ვერც გავიზრდები. მთავარია თამაში.