ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა ივანიშვილს იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია
ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა ივანიშვილს იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ქუცნაშვილმა ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

„ბიძინა ივანიშვილმა აცილება მისცა თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში. მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისგან იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ ფრაქციის წევრი“, – განმარტა ზაქარა ქუცნაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევის შესახებ ორი არგუმენტი წარადგინა, რომელთაგან ერთი გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევის დროს პროცედურის დარღვევას უკავშირდებოდა, ხოლო მეორე პოლიტიკური მიზეზი იყო.

„ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზი არის პროცედურულ დარღვევებზე, რაზეც ფრაქციას მოახსენა გიორგი კახიანმა და დაადასტურა, რომ მოადგილის არჩევის დროს პროცედურა უხეშად დაირღვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ასევე პოლიტიკური მიზეზი, რომ ეს გადაწყვეტილება შეუთანხმებელი იყო ფრაქციასთან და უმრავლესობასთან“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა გუნდთან შეთანხმებული არ იყო.