მამუკა მდინარაძე - იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული
მამუკა მდინარაძე - იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გამოიწვია ფრაქციამ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ მიიღო უმრავლესობით, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი გუნდთან არ იყო შეთანხმებული.

მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის არჩევის დროს დაირღვა პარლამენტის რეგლამენტიც.

„გედევან ფოფხაძე გამოიწვია ფრაქციამ კომიტეტიდან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფრაქციამ მიიღო უმრავლესობით, მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი. მისი მოადგილეობის საკითხი არ იყო გუნდთან შეთანხმებული. გარდა იმისა, რომ რეგლამენტი და შესაბამისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არც ერთ ადამიანს დღეს, რომელიც გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, არ უთქვამს, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს სანქცია უნდა დაეკისროს. ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის მოადგილეობის საკითხი, ამიტომ მიიღო ფრაქციამ გადაწყვეტილება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დღეს გაიწვია.