ზაგრების „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ზორან მამიჩი 4.5-წლიანი პატიმრობით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხორვატიის უმაღლესმა სასამართლომ.
ზორან მამიჩი და მისი ძმა ზდრავკო ფინანსური მაქინაციების გამო იდევნებოდნენ. მათ „დინამოს“ ბიუჯეტიდან 17.3 მილიონი დოლარი მიითვისეს. ასევე მამიჩებს ადანაშაულებენ 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების დამალვაში.
უპირველეს ყოვლისა, ისინი დააპატიმრეს ლუკა მოდრიჩის „ტოტენჰემში“ ტრანსფერის გამო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზდრავკო მამიჩმა „ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელი 21 მილიონ ევროდ გაყიდა, მაგრამ საკლუბო ბიუჯეტში ამ თანხის ნახევარი მოხვდა. მეორე ნახევარი კი თავად მოდრიჩს ერგო, რომელმაც დიდი ნაწილი „დინამოს“ მფლობელს გადაურიცხა. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა მცველ დეიან ლოვრენის შემთხვევაში, როცა ის „დინამოდან“ „ლიონში“ გადავიდა.
ზორან მამიჩმა უკვე დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.
„მართალია, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მაგრამ ვიღებ საბოლოო ვერდიქტს და ვტოვებ პოსტს. „დინამოს“ მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ზორანმა.
მის ადგილს მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოსტზე დამირ კრჟნარი დაიკავებს.
ზდრავკო მამიჩი ამჟამად მართლმსაჯულებას ბოსნიაში ემალება. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მან ხუთვარსკლავიან სასტუმროში პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ მარტო „ჩაძირვას“ არ აპირებს.
„დინამოსგან“ ფულს მოდრიჩისა და ლოვრენის გავლით ვიღებდი. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, მოდრიჩი დღემდე ინახავს თავის ანგარიშზე რამდენიმე მილიონს იმ თანხიდან, რომელიც პირადი კონტრაქტის პირობებით გამიყო. ლუკამ ეს თანხა ჩემი ოჯახის წევრებს გადაუხადა. თუ ძმებ მამიჩებს მოუწევთ ფულის დაბრუნება, დეიან ლოვრენმა და ლუკა მოდრიჩმაც იგივე უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ზდრავკო მამიჩმა, რომლის პატიმრობის ვადამ 6.5 წელი შეადგინა.