ყვავებს შეგნებული აზროვნების უნარი აქვთ — ახალი ექსპერიმენტი #1tvმეცნიერება
ყვავებს შეგნებული აზროვნების უნარი აქვთ — ახალი ექსპერიმენტი #1tvმეცნიერება

ყვავების გონების ახალი კვლევა გასაოცარი აღმოჩენით დასრულდა — ეს ფრთხილი ფრინველები არა მხოლოდ ჭკვიანები არიან, არამედ ფლობენ ცნობიერების გარკვეულ ფორმას, შეუძლიათ შეგნებულად აწმყოში გაიაზრონ მათ გარშემო არსებული გარემო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვთ სუბიექტური განცდა.

ამას კი პირველად, იგივე მგრძნობიარე ცნობიერებას უწოდებენ და აქამდე მხოლოდ პრიმატებში იყო შემჩნეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალბათ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენას ცნობიერების გაჩენის შესახებ, ისევე როგორც წარმოდგენას ფრინველთა თავის ტვინის შესახებ.

„ჩვენი კვლევის შედეგები ახალ გზას ხსნის ცნობიერებისა და მისი ნეირობიოლოგიური ზემოქმედების ევოლუციის კვლევაში“, — ამბობს ტუბინგენის უნივერსიტეტის ცხოველთა ფიზიოლოგი ანდრეა ნიდა.

ძნელია აღმოაჩინო ცნობიერება ცხოველში, რომელიც არ ლაპარაკობს. ეს გახლავთ უნარი იაზრებდე საკუთარ თავსა და სამყაროს შენ გარშემო, იცოდე, რა იცი და ფიქრობდე ამ ცოდნაზე. ეს კი აძლიერებს პრობლემის გადაჭრას და გადაწყვეტილების მიღებას, რითაც ყვავები გამოირჩევიან.

პირველადი ცნობიერება ცნობიერების ყველაზე საბაზისო ფორმაა ჩვენი კატეგორიზაციის მიხედვით — სამყაროს აღქმა აწმყოში (და უახლოეს წარსულსა და მომავალში). ძირითადად ის დაკავშირებულია პრიმატების ცერებრალურ ქერქთან — ძუძუმწოვრის თავის ტვინის კომპლექსურ შრეებიან რეგიონთან.

თუმცა, ფრინველების თავის ტვინის სტრუქტურა პრიმატების ტვინისგან საკმაოდ განსხვავდება და არა შრეებიანი, არამედ გლუვია. მიუხედავად იმისა, რომ ყორნისებრნი — ფრინველთა ოჯახი, რომელიც ყვავებსა და ყორნებს მოიცავს — წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, აქვთ პრიმატებისთვის დამახასიათებელი კოგნიტური უნარები, უცნობი რჩებოდა, შეუძლიათ თუ არა მათ შეგნებული აზროვნება.

ამის გასარკვევად, ნიდამ და მისია კოლეგებმა ორ შავ ყვავზე (Corvus corone) ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა შეემოწმებინათ, შეიძლება თუ არა, რომ ფრინველებს ჰქონდეთ სუბიექტური განცდა.

პირველ რიგში, ფრინველებს ასწავლეს ვიზუალურ სტიმულზე პასუხი. აჩვენებდნენ ეკრანებს, რომელზეც გამოსახული იყო სინათლე; თუ ყვავი სინათლეს ხედავდა, თავს ამოძრავებდა იმის ნიშნად, რომ დიახ, რაღაცას ხედავდა. სინათლის უმეტესი ნაწილი სუფთა და ცალსახა, ადვილად დასანახი იყო და ყვავები უტყუარად იტყობინებოდნენ, რომ ისინი მას ხედავდნენ.

თუმცა, სინათლის გარკვეული ნაწილი გაცილებით რთული შესამჩნევი იყო — წამიერი და მკრთალი. ამ შემთხვევაში, ორი ყვავი ხანდახან მიანიშნებდა, რომ სიგნალს ხედავდა, მაგრამ ხანდახან ვერა. სწორედ აქ შემოდის სცენაზე სუბიექტური შეგრძნების განცდა.

ექსპერიმენტში, ათობით სესიის დროს, თითოეულმა ყვავმა დაახლოებით 20 000 სიგნალი აჩვენა. ამავე დროს, მათ თავის ტვინში იმპლანტირებული ელექტროდები ნეირონულ აქტივობას იწერდა.

როდესაც ყვავები ვიზუალური სტიმულის დანახვაზე „დიახ“ სიგნალს იძლეოდნენ, ნეირონული აქტივობა ჩაწერილი იყო ინტერვალებით, სინათლის დანახვასა და პასუხის გაცემას შორის. როდესაც პასუხი იყო „არა“, მომატებული ნეირონული აქტივობა არ შეიმჩნეოდა. კავშირი იმდენად საიმედო იყო, რომ ტვინის აქტივობაზე დაყრდნობით შესაძლებელი იყო პასუხის პროგნოზიც.

„ნერვული უჯრედები, რომლებიც ვიზუალურ ფაქტორს წარმოადგენენ სუბიექტური კომპონენტების გარეშე, მოსალოდნელია, რომ ამავე გზით პასუხობენ მუდმივი ინტენსივობის ვიზუალურ სტიმულებს“, — ამბობს ნიდა.

მისივე თქმით, მათ მიერ მიღებული შედეგები გადაჭრით აჩვენებს, რომ ყვავის ტვინში ნერვული უჯრედები დამუშავების უფრო მაღალ დონეზე ყოფნისას განიცდის სუბიექტური განცდის გავლენას, ანუ უფრო ზუსტად აწარმოებს სუბიექტურ განცდას.

შედეგები ადასტურებს, რომ სუბიექტურობის განცდა ექსკლუზიურად მხოლოდ პრიმატების თავის ტვინს არ ახასიათებს და ცნობიერებისთვის მოთხოვნას არ წარმოადგენს ძუძუმწორვის კომპლექსური შრეებიანი თავის ტვინი. უფრო მეტიც, მეორე ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ფრინველის ტვინის სიგლუვე სულაც არ არის კომპლექსურობის ნაკლებობის მიმთითებელი.

3Dპოლარიზებული სინათლის ვიზუალიზაციისა და ნერვული წრედის მეთვალყურეობის მეთოდის გამოყენებით, გერმანიის ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ბიოფსიქოლოგმა მარტინ შტახომ და მისმა კოლეგებმა დაახასიათეს მტრედისა და ბუს თავის ტვინის ანატომია. აღმოაჩინეს, რომ ამ ორივე ფრინველის ცერებრალური არქიტექტურა საოცრად ჰგავს ძუძუმწოვართა ცერებრალურ არქიტექტურას.

არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი კოგნიტური უნარები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდა როგორც ფრინველებში, ისე ძუძუმწოვრებში; ამ ფენომენს კოვერგენტულ ვვოლუციას უწოდებენ. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენი თავის ტვინები იმაზე მეტად ენათესავება ერთმანეთს, ვიდრე შეიძლება ამას მათი განსხვავებები მიუთითებდეს.

„როგორც ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, სავარაუდოდ, უძველესი მიკროციკლი, რომელიც უკვე არსებობდა უკანასკნელ საერთო ღეროვან ამნიოტში, შეიძლება, ევოლუციურად კონსერვირდა და ნაწილობრივ შეიცვალა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში“, — წერს შტახო.

ასეთ შესაძლებლობას ანდრეა ნიდაც ეთანხმება.

„ადამიანისა და ყვავის უკანასკნელი საერთო წინაპარი 320 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შესაძლებელია, რომ აღქმის ცნობიერება ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა და მას შემდეგ გადაეცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგნებული განცდის უნარი შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა სტრუქტურის მქონე თავის ტვინში და ცერებრალური ქერქისგან დამოუკიდებლად“, — ამბობს ნიდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად ცნობიერება შეიძლება იმაზე გაცილებით გავრცელებული იყოს ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში, ვიდრე წარმოგვიდგენია.

თუ ეს მართლად ასე აღმოჩნდა, შემდეგი და შესაძლოა უფრო მომაჯადოებელი კითხვა იქნება — ფლობენ თუ არა ცხოველები მეორეულ ცნობიერებასაც? იციან იმის შესახებ, რომ იციან?

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.