ყირგიზეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაპაროვი ლიდერობს
ყირგიზეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაპაროვი ლიდერობს

ყირგიზეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაპაროვი ლიდერობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 96,44 პროცენტის დათვლის შემდეგ, ჯაპაროვმა ხმების 79,18 პროცენტი მიიღო.

ყირგიზეთში დღეს ქვეყნის მმართველობის ფორმის ასარჩევად რეფერენდუმიც ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 95,96 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქალაქეთა 81,29 პროცენტმა მხარი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუჭირა. მმართველობის საპარლამენტო ფორმამ ამომრჩეველთა ხმების 10,85 პროცენტი მიიღო, ხოლო ორივე ფორმის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია მოქალაქეების 4,43 პროცენტმა დააფიქსირა.

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3 563 574 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 17 კანდიდატი მონაწილეობდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ანალიტიკოსებმა საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაპაროვის გამარჯვება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო მარათონის დროს ივარაუდეს. ჯაპაროვი პატიმრობის შემდეგ ყირგიზეთში ჯერ პროტესტის ლიდერი, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

დატოვე კომენტარი