წარმატებული სტარტი უეფა-ს რეგიონთა თასზე - „ბასიანმა“ ესტონური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
„ბასიანმა“ უეფა-ს რეგიონთა თასზე გამოსვლა შესანიშნავად დაიწყო – საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული პირველ მატჩში ესტონურ „ტალინა ზაპოსს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი 2013 წელს დაარსდა და ამჟამად ესტონეთის ფეხბურთის მესამე ლიგაში თამაშობს. თამაში ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. მე-20 წუთზე ანგარიში მარკ-რენე ვალიასმა გახსნა. მაგრამ 37-ე წუთზე გიორგი მაკასარაშვილის გადაცემით ლადო ხიდეშელმა წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში ესტონელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. 71-ე წუთზე ნიკა მაგრაქველიძის გადაცემით გიორგი თევზაძემ ისარგებლა და „ბასიანი“ დააწინაურა, 90+4-ე წუთზე კი ირაკლი ლეფსაიამ ტალინელებს ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.
„ბასიანი“ 3 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა. საქართველოს ჩემპიონი სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა და მომდევნო მატჩს 27 ივნისს ბაქოს „ასკ არენაზე“ ყაზახურ „კასკელენთან“ გამართავს. ბაქოში მეორე ჯგუფის ორი გუნდია – აზერბაჯანული და ბელარუსული. რეგიონთა თასზე ჩვენი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ამ ორი ჯგუფის გამარჯვებულების ფინალი გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება.