საქართველომ უეფა-ში დავა მოიგო - ყაზახები დასაჯეს, რეგიონთა თასზე თამაშს „ბასიანი“ გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველომ უეფა-ში დავა მოიგო - ყაზახები დასაჯეს, რეგიონთა თასზე თამაშს „ბასიანი“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციიდან ცნობით, უეფა-მ ქართული მხარის სარჩელი დააკმაყოფილა და მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი „ბასიანი“ რეგიონთა თასის შემდეგ ეტაპზე ყაზახური „კესკელენის“ ნაცვლად ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ უეფა-ს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის, რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ყაზახური კლუბი, „კესკელენი“ გახდა, რომელმაც ფინალში „ბასიანი“ 2:1 დაამარცხა.

მაგრამ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ დაადგინა, რომ ყაზახების რიგებში თამაშობდა ორი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომლებსაც ყაზახეთის პრემიერლიგასა და ევროპის ლიგაზე გამოსვლა დაუფიქსირდათ – ეს კი ტურნირის დებულების დარღვევა იყო. რეგიონთა თასზე მხოლოდ მოყვარულებმა უნდა ითამაშონ.

ამის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ ერთობლივი საჩივრით მიმართეს უეფა-ს, რომელიც ყაზახეთის წარმომადგენელ „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა.

უეფა-მ საქართველოს მხარის საჩივარი დააკმაყოფილა. „ბასიანს“ „კესკელენთან“ ჩაეთვალა ტექნიკური მოგება 3:0, გამოცხადდა შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად და ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

„აღნიშნული ფაქტი, ყველა ასპექტით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე, შესარჩევი ეტაპის აბსოლუტურად დამსახურებულად გადალახვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, სამართლებრივი კუთხით, დიდი შრომა გასწიეს და ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფეხბურთო დავა გამარჯვებით დაასრულეს. ასოციაცია ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ყოველთვის დავიცავთ თითოეული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ინტერესებს, როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი კუთხით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ „ბასიანს“ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე“, – აცხადებს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

„ბასიანი“ მომდევნო, შუალედურ ეტაპზე ევროპის 31 ქვეყნის სამოყვარულო საფებურთო კლუბებთან ერთად ითამაშებს. წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს.

ბასიანმა“ მომზადება უკვე დაიწყო, გუნდი აქტიურად ვარჯიშობს, ემზადება ამხანაგური მატჩებისათვის, გუნდის ოფიციალური განაცხადი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.