წალკის სპორტულ კომპლექსში ძიუდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტურნირის ფინალური ეტაპი და დახურვის ცერემონია გაიმართა. ორდღიანი ტურნირი 13 წონით კატეგორიაში ჩატარდა – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედალოსნები რვა, ხოლო ძიუდოში ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
შეჯიბრში 80 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ფინალურ ეტაპს და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ძიუდოს ტატამი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა.
აღნიშნული ღონისძიება 2020 წლის „ევროპის სპორტის კვირეულის“ წინასწარი აქტივობების ფარგლებში ჩატარდა. მიმდინარე წლის 23-30 სექტემბერს საქართველოში „ევროპის სპორტის კვირეული“ მესამედ გაიმართება. საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.