ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დღეს განსაკუთრებით მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად, ბაიდენის, უკრაინისთვის დღეს გამოცხადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის გამო, რომელიც მოიცავს ძალიან მძლავრ NASAMS სისტემებს – საზენიტო-სარაკეტო სისტემას და ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ამ მიწოდებისთვის ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა ახალ იარაღზე და ყველაფერს აკეთებს ოკუპანტების უპირატესობის დასარღვევად.

ამასთან, მისივე თქმით, ოდესის რეგიონში 9-სართულიან შენობაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ოჯახიდან ოთხი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის განცხადებით, ამ სახლში დაახლოებით 160 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და იქ არავინ მალავდა იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას.

„ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მიზანმიმართული რუსული ტერორი და არა რაიმე სახის შეცდომა, ან შემთხვევითი რაკეტის დარტყმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი