„სიენენი“ – აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ქვეყნის მასშტაბით მოქმედ კრიმინალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს იძიებს. ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
აღნიშნული ბაზა ფედერალურ, შტატებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებს შორის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი მთავარი სისტემაა.
მედიის ცნობით, ჰაკერების მიერ დანაშაულებრივი ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCIC) სისტემაში სავარაუდო შეღწევა ბოლო თვეების განმავლობაში ამგვარი ტიპის უკვე მეორე შემთხვევაა. FBI-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.