ვოლოდიმირ ზელენსკი - საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ათი ოლქი დაზარალდა, 1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, 2 610 კვლავ რუსების ოკუპაციის ქვეშაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ათი ოლქი დაზარალდა, 1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, 2 610 კვლავ რუსების ოკუპაციის ქვეშაა

24 თებერვლიდან მოყოლებული, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ათი ოლქი დაზარალდა, 1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, 2 610 კვლავ რუსების ოკუპაციის ქვეშაა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მზადება შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში დაგეგმილ სპეციალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება.

„საჭიროა, არა მხოლოდ აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს, არამედ შევქმნათ ახალი საფუძველი ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის – უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისათვის საჭიროა უზარმაზარი ინვესტიციები – მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო, ათი ოლქის ტერიტორია დაზარალდა. ამ დროის განმავლობაში 1 027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება მოხერხდა, 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მათ უმეტესობას აღდგენა სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, არ შეანელონ ომისადმი დამოკიდებულება და გამოიყენონ ყველა პლატფორმა უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოხალისეების დასახმარებლად.

„ბევრ ქალაქში ახლა იგრძნობა მოდუნება, მაგრამ ომი არ დასრულებულა – ისევ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მისი სისასტიკე ზოგჯერ მხოლოდ იზრდება და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის. ამიტომ აუცილებლად დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ მოხალისეებს, დაეხმარეთ ყველას, ვინც ამ დროს მარტო დარჩა. მუდმივად გამოიყენეთ ყველა თქვენი კონტაქტი საზღვარგარეთ, ყველა თქვენი საინფორმაციო საშუალება – თუნდაც მხოლოდ სოციალური ქსელები, რათა გაავრცელოთ სიმართლე ჩვენს ტერიტორიაზე ომისა და ოკუპანტების დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.