ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული რაკეტები და არტილერია ვერ გატეხს ჩვენს ერთობას
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული რაკეტები და არტილერია ვერ გატეხს ჩვენს ერთობას

რუსული რაკეტები და არტილერია ვერ გატეხს ჩვენს ერთობას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, 32 წლის წინ, ამ დღეს მიიღეს დეკლარაცია უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ.

„ეს იყო ამ დონის პირველი დოკუმენტი მრავალი წლის შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება. დამოუკიდებელად და დემოკრატიულად. 32 წლის შემდეგ, დონბასში რვაწლიანი ომის შემდეგ და რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის 143-ე დღეს, შეიძლება, ჩანდეს, რომ დეკლარაციის ტექსტი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ იმ დროს ეს ტექსტიც რევოლუციური იყო. დეკლარაციამ აღადგინა უკრაინის სახელმწიფოებრიობის ტრადიცია და სწორედ მის საფუძველზე მიიღეს მოგვიანებით უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. დღეს კი, როცა ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ჩვენ ამის უფლება გვაქვს ამ სიტყვის სრული გაგებით – ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იურიდიულად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინამ შეძლო ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება და თანდათან სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასაც შეძლებს, თუმცა უმთავრესი, რაც უკრაინელმა ერმა გააკეთა, ეს არის ერთიანობის შენარჩუნება.

„ყველას უნდა გვახსოვდეს შეცდომებისა და განხეთქილების ფასი, რამაც გაართულა წინა თაობებისთვის იმ შედეგების მიღწევა, რაც დღეს გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რამდენის ატანა მოუწია ჩვენს ხალხს, ვიდრე შესაძლებელი გახდებოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს აწარმოებს და მოუწოდა მოსახლეობას, იქონიონ ემოციური სუვერენიტეტი და არ აჰყვნენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებს.

„ზოგჯერ ინფორმაციულ იარაღს შეუძლია, უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე ჩვეულებრივს. აშკარაა, რომ ვერც ერთი რუსული რაკეტა და არტილერია ვერ შეძლებს ჩვენი ერთობის გატეხვას და ჩვენი გზიდან გადაყვანას. ისიც აშკარაა, რომ უკრაინის ერთიანობას ვერც ტყუილი, ვერც დაშინება, ვერც ფალსიფიკაცია და ვერც შეთქმულების თეორიები ვერ დაარღვევს. ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიბრუნებთ საკუთარს, ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.