ვლადიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკის უახლოეს მოკავშირესა და მის ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესა
ვლადიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკის უახლოეს მოკავშირესა და მის ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას სახალხო დეპუტატის, ტარას კოზაკის, ასევე მის მედიაჰოლდინგში შემავალი ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციების მოქმედების ვადა ხუთი წელია. გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.

სანქცირებულ ტელეკომპანიებს შორისაა „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აღკვეთას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, საქმიანობის ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას, რადიოსიხშირის გამოყენების აკრძალვას, რეტრანსლირებიას და ტელესაკომუნიკაციო მომსახურების გაწევის აკრძალვას და სხვა.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, ინტერნეტპროვაიდერებმა და ონლაინსერვისებმა აღნიშნული ტელეკომპანიების ტრანსლირების შეწყვეტა უკვე დაიწყეს.

ტელეარხების მფლობელი მედიაჰოლდინგის განცხადებით, ეს არის არასასურველი მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ტარას კოზაკი პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ლიდერის, დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის უახლოესი მოკავშირეა. ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებულთა გაცვლის ორგანიზებაში.