ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა გაცვლილი პატიმრების, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის შეწყალებას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა გაცვლილი პატიმრების, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის შეწყალებას, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეწყალებულთა სიაში 13 პირი ფიგურირებს, ჩამონათვალში არიან რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა.
„განკარგულებების ხელმოწერის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე დაკავებული და პატიმრობაში მყოფი პირების დაბრუნების მიზნით“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
რუსული მხარე მადლობას უხდის ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს კეთილი ნების ჟესტისა და გერმანიის სიკვდილმისჯილი მოქალაქის შეწყალებისთვის.
ამასთან, მოსკოვი მადლობას უხდის ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, რომლებიც ხელს უწყობდნენ გაცვლის მომზადებას.
დღეს ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.
რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი, რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.