რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასადს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სირიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სირიისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით ტერორისტებს სერიოზული ზარალი მიადგათ და ამჟამად სირიის მთავრობა ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებს. ამასთან, პუტინმა ამჟამად არსებულ მთავარ პრობლემად სირიის ცალკეულ ტერიტორიებზე გაეროს და სირიის ხელისუფლების მანდატის გარეშე უცხოური შეიარაღებული ძალების ყოფნას ასახელებს.
„ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უცხოური შეიარაღებული ძალები გაერო-ს ნებართვის გარეშე, თქვენი სანქციების გარეშე მაინც იმყოფებიან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გაძლევთ თქვენ შესაძლებლობას, მიმართოთ მაქსიმალურ ძალისხმევას ქვეყნის კონსოლიდაციისთვის და იმისთვის, რომ მისი აღდგენის გზაზე ისეთი ტემპით იმოძრაოთ, როგორიც შესაძლებელი იქნებოდა, თუ მთელი ტერიტორია კანონიერი მთავრობის კონტროლქვეშ იქნებოდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, ბაშარ ასადმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის და „ტერორიზმის გავრცელების“ შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევისთვის. მან ასევე „ანტიჰუმანური“ და „არალეგიტიმური“ უწოდა სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.