ვლადიმერ პუტინი – გერმანიის ხელისუფლება მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებით შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობს, ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილურია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებით ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგის დაცემას უკავშირდება.
„ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, გერმანიაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით არასტაბილურია. მას საკუთარი მოქალაქეების ნდობა არ აქვს და გასაგებია, რატომაც: ის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს და მათ თმობს. აშკარაა ეკონომიკური შეცდომები. საწარმოები იხურება, ადამიანები სამსახურს კარგავენ, ცხოვრების დონე მცირდება“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ წაუყენა გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთს აღნიშნული ბრალდებები.
„გაუგებარია, რატომ წაგვიყენეს ყველა ეს ბრალდება. თუმცა ამის მხოლოდ ერთი ახსნა არსებობს – აუცილებლობა, რომ აგრესიულ რუსეთს დაუპირისპირდნენ. მაგრამ სად არის მტკიცებულებები? მათ უბრალოდ მოიგონეს ეს მტკიცებულებები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლების ქმედებები, შესაძლოა, ქვეყანაში მოახლოებულ საარჩევნო კამპანიებს და მმართველი პოლიტიკური ძალების მომავალს უკავშირდებოდეს.
„ახლა ასეთი ქცევის მიზეზები უნდა აიხსნას. რეიტინგების შემცირებისა და მოახლოებული საარჩევნო კამპანიების, მაგალითად, საქსონიაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა გერმანიის მმართველი ელიტის პოლიტიკური მომავლის შესახებ. ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, სწორედ ამით არის განპირობებული. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი შეცდომაა. სერიოზული შეცდომაა და, ჩემი შეფასებით, აშკარად ეწინააღმდეგება გერმანელი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის თქმით, ბერლინი ლაიფციგში მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმას „პროპორციულად და გააზრებულად, თუმცა მტკიცე ფორმით“ და დამატებით ზომებით უპასუხებს, რომლის ფარგლებშიც, ბონში რუსეთის საკონსულო დაიხურება და გაუქმდება შეთანხმება, რომელიც ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. საკითზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი, რომელმაც გერმანიის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ „უსაფუძვლო“ და „აბსურდული“ უწოდა.