იოჰან ვადეპული – ბერლინი ლაიფციგში რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას მტკიცე ფორმით უპასუხებს, ბონში რუსეთის საკონსულო დაიხურება, იგეგმება გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩის დაბარება

21:50, 01.09.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ბერლინი ლაიფციგში მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმას „პროპორციულად და გააზრებულად, თუმცა მტკიცე ფორმით“ უპასუხებს.

ვადეპულის თქმით, გერმანიის საპასუხო ზომები ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებითი ზომებიც დააანონსა. კერძოდ, 18 სექტემბრიდან იგეგმება გერმანიის ქალაქ ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვა და შეთანხმების გაუქმება, რომელიც ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“, ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ამასთან, ვადეპულის თქმით, ევროკავშირის სანქციების სიაში ახალი პირების დამატება იგეგმება.

ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე დაიბარებენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება, ხოლო ზეწოლა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე გაგრძელდება.

მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

გერმანიის ხელისუფლებამ 4 აგვისტოს საღამოს, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს შორის, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონაციის მექანიზმით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინა და ვარაუდობენ, რომ მეორე დრონი შესაძლოა, ახლომდებარე DHL-ის თვითმფრინავს შეეჯახა. გასულ კვირას, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტში ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მესამე დრონიც აღმოაჩინეს.

მსგავსი